ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთის თემთა პალატაში მიმდინარე განხილვის დროს კითხვები დაუსვეს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, დეპუტატმა კალუმ მილერმა მას ჰკითხა, გადახედავს თუ არა ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს.
„მინისტრმა იცის, რომ ლიბერალ დემოკრატები არაერთხელ მოვუწოდებდით მთავრობას, მეტად მკაცრად გამოიყენოს სანქციები იმ ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ ბრიტანეთის ღირებულებების საპირისპიროდ ან საერთაშორისო სამართალს არღვევენ. ამიტომ, მოვუწოდებ მინისტრს გადახედოს სამ სხვადასხვა შემთხვევას ხელახლა, მათ შორის: გადახედავთ თუ არა თქვენ და სხვა ოფიციალური პირები „ქართული ოცნების” პარტიის მხარდამჭერების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ განცხადებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის ჩასახშობად მუშაობენ”, – ჰკითხა მან მინისტრს.
სტივენ დაუთიმ მიუთითა, რომ ბრიტანეთმა უკვე არაერთი პირი დაასანქცირა და აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას – მან აქვე მწუხარება გამოხატა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ჩვენ დავასანქცირეთ არაერთი პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბოლო თვეებში რეპრესიულ ქმედებებსა და კორუფციაზე, და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული სიტუაციით. მე ეს ნათელი გავხადე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებთანაც და კიდევ ერთხელ ვიტყვი ცხადად: ჩვენი გუნდები მუშაობენ ძალიან მჭიდროდ და იცით, რომ ჩვენ შევაჩერეთ ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი და პოზიტიური ურთიერთობა, თუმცა როცა ის შორდება ევროატლანტიკურ გზას, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები, ასევე, შედეგები უნდა მოჰყვეს ქმედებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, სხვა მიმართულებით განხორციელებულს. მე სამომავლო ზომებზე არ გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა მან.