რას ჰყვება მოქალაქე, რომელსაც ლეონიძის ქუჩაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა

პუბლიკა

ირაკლი წიგნაძე – მოქალაქე, რომელსაც 11 მაისის ღამით პოლიცია ლეონიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა, მოვლენებს აღწერს.

„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი, რომ გაევლოთ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გასულიყვნენ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს, შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი უკუსვლით, იმიტომ, რომ ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ.

ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი, რომ შეეძლოთ, გასულიყვნენ გვერდიდან”, – წერს ირაკლი.

მისივე თქმით, პოლიციელები მიხვდნენ, რომ ის მანქანას არ გაწევდა და შემოვლით გასვლა დააპირეს.

„მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის „პადძელნიკს“ ეუბნება, „ეს დედამ****ი თუ არ გაიწევა, რა ვქნათ, გავიდეთ ჩვენო”. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე, უბრალოდ არ მინდა, ეგონოთ, რომ მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე”, – წერს ირაკლი წიგნაძე.

როგორც ამბობს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ჯგუფურად ცემა.

„არც ხელი შემიბრუნებია და მგონი, მეტად აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ. და ასჯერ რომ მცემეს, მერე ავტობუსთან რომ დავდექი, კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ, ვინ უფრო მაგრა მაგინებდა, მაგაზე დავცინი ვიდეოში.

ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან, სად არიან და რას ემსახურებიან და ჰგონიათ, რომ კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის, ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე, როგორც ეს ერთმანეთის ჯიჯგნა. უდიდესი ბოროტებაა, რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.

ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ”, – ამბობს ირაკლი წიგნაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 მაისის ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემას „ინციდენტი” უწოდა და განაცხადა, რომ ირაკლი წიგნაძემ „სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში”.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ მომხდარზე: სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.