„რასაც გადავწყვეტთ, გეტყვით“, – ბექა დავითულიანი კუხიანიძის შესახებ უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

ოპოციზიური პარტიის წარმომადგენლებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის კაბინეტში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა.

მათთან შესახვედრად გამოვიდა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.

მან აღნიშნა, რომ კუხიანიძის გამო არავინ გამოუგდიათ კაბინეტიდან. დავითულიანის თქმით, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს შეჭრის გამო დაატოვებინეს დეპუტატ კუხიანიძის კაბინეტი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შეკითხვას, როდის გააგდებენ კუხიანიძეს, დავითულიანი პასუხობს, რომ:

„კუხიანიძეს გავაგდებთ თუ არა, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი და თქვენ ამას ვერ გვიკარნახებთ. კუხიანიძის განცხადებას გავემიჯნეთ ყველა და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა თქვენ… ეს სპექტაკლები არის სიგიჟე. ამათი გადასაწყვეტი არ არის, ერეკლე კუხიანიძე დატოვებს თუ არა თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ და როცა მივიღებთ, გაიგებენ მაშინ“.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როდის გაიმართება სხდომა უმრავლესობის ფორმატში, დავითულიანი არ აკონკრეტებს თარიღს.

„როცა მივიღებთ, გაგაგებინებთ. რასაც გადავწყვეტთ, გაიგებთ. არ ვაპირებთ დაანონსებას, რომ ამათმა კიდევ სპექტაკლები მომიწყონ… წინასწარ არ გეტყვით, როდის არის უმრავლესობის სხდომა იმიტომ, რომ არ მჭირდება დამატებითი სპექტაკლი… არ გაგაშუქებინებთ. გამოვალ, გეტყვით გადაწყვეტილებას… უმრავლესობის სხდომის გაშუქების უფლებას იმიტომ არ გაძლევთ, რომ მაქვს უფლება, დავხურო სხდომა. თქვენი საქმე არ არის, შიგნით როგორი მსჯელობა იქნება. თქვენი საქმე არის, მოუსმინოთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას გაგაგებინებთ“, – განაცხადა დავითულიანმა.


აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.