„სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება მაშინ, როდესაც რიგითი მღვდლები საუბრობენ რაღაც საკითხებზე, რომელიც სინოდის წევრებმა არ ვიცით“, – განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პრობლემა, პასუხობს: „დიდი პრობლემა არის ძალიან“.
ეპისკოპოსი გარეჯის საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილის საკითხსაც გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვაზე: „ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები?“ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი პასუხობს: „მე რასაც ვხედავ ტელევიზიით, დანაშაულს ვერ ვხედავ ვერაფერს“.
ხოლო შეკითხვაზე, არის თუ არა ეს საქმე პოლიტიკური და რატომ გააქტიურდა წინასაარჩევნოდ, ეპისკოპოსი პასუხობს, რომ არ იცის და საკითხს პოლიტიკურად ვერ შეაფასებს.
„2014 წელს რაღაც პრობლემა იყო, 6 წელია გასული. სინოდზე რატომ არ წარმოადგინეს, მე არ ვიცი. გუშინ მოვისმინე, როდესაც ეს ორი ადამიანი ამბობენ ასეთ რამეს, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ და გაოგნებულები ვართ და ველოდებით, რომ კარი გაიღება და ბოდიშს მოგვიხდიანო. მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, მე მართლა გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
„აუცილებლად!“ – ასე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას სინოდის შეკრების საჭიროების შესახებ.
სანამ გარეჯის საქმეზე პროკურატურა გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას გაავრცელებდა, ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯში მოღვაწე მღვდელმსახური კირიონი იმყოფებოდა გამოკითხვაზე. პროკურატურის განცხადებას მალევე მოჰყვა საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ჯაღმაიძის კომენტარი იმის შესახებ, რომ დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა.
„ყველა სადავო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი, გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. წინა კომისია ცოტა ხნის წინ გაუქმდა. მე ნუ მაკისრებთ მოვალეობას, პასუხისმგებლობა დავაკისრო რომელიმე ხელისუფლებას.
საპატრიარქოს კუთვნილებაა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები და ამ შემთხვევაში, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენ საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას“, – თქვა მან.
8 ოქტომბერს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ სასულიერო პირმა კირიონმა, იგივე ზაზა ონიანმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკაში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.
„მამა კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული“, – თქვა პროკურორმა.