საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მედიასთან იუსტიციის მინისტრის განცხადების შესახებ საუბრობს.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სახელმწიფომ თავადაც ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამოსაკვლევად.
კლინიკა „ვივამედში“ გუშინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელის ექსპერტები მივიდნენ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მინისტრის ეს განცხადება ემსახურება საქმის კიდევ უფრო გაჭიანურებას, ამიტომ თავად სთავაზობენ მათ გამოსავალს.
„თავშივე უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ რატის, როგორც იურისტს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი – „საქმის გაჭიანურება“. ეს ამჟამად ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას, ამიტომ, რადგან ამას არ ჰქონდეს ადგილი, იქეთ ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლია საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ექსპერტები იქნება ეს სამხარაული, თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტი”, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის დადება.
„და კიდევ ერთი, თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება ამ სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს სახელმწიფო, რომ ჩაუტარდა პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა და გაუმჯობესდა. ეს ჩვენ გვაქვს ნანახი წლების განმავლობაში”, – ამბობს ის.