შესაძლოა, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკდებელი ექსპერტიზა - მინისტრი სააკაშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატაროს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას პენიტენციური სამსახური სათანადოდ მეთვალყურეობს, პაციენტს უტარდება „ემპათიის“ მიერ მოწვეული ექსპერტიზაც.

„დამოუკიდებელი ექსპერტიზაა, რასაც ატარებს ცენტრი „ემპათია“ და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ ექპსერტიზა. ჩვენ დაინტერესებული ვართ როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობით და იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა, საავადმყოფოს პარალელურად არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ დამოუკდებელი ექსპერტიზა, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის ირგვლივ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეკითხვაზე, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას სათანადოდ ვერ მეთვალყურეობენ, დათანხმდება თუ არა სამინისტრო სააკაშვილის ტრანსპორტირებას, ბრეგაძე ამბობს, რომ სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

„მსგავსი ტიპის დასკვნა შეიძლება იყოს ორგვარი ან სამგვარი, თქვენ პირდაპირ საუბრობთ ნეგატიურ შედეგზე…როგორიც უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე/გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა სამინისტრო“, – ამბობს ის.

მინისტრი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული პატიმარია და სასჯელს იხდის საქართველოში. საზღვარგარეთ მის გასაყვანად საჭიროა სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება, სხვა შემთხვევაში მსჯავრდებული პატიმრის ქვეყნიდან გაყვანას კანონი არ ითვალისწინებს.