„სადაც იყო მტკიცებულებების ერთობლიობა, ის ადამიანები სამართლდებიან, მაგრამ თქვენ რაც არ უნდა მოგვთხოვოთ, მოქმედ ხელისუფლებას, პროკურატურას თუ სასამართლოს, რომ მტკიცებულებების გარეშე ვინმე გასამართლდეს, მტკიცებულებების გარეშე საქართველოში არასდროს მოხდება ადამიანის გასამართლება“,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებული 5-6 ივლისის საქმის მთავარი დამნაშავეები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და ა.შ.
„დღეს სამართალდამცავ ორგანოებს აქვს სხვა სტანდარტი, ვიდრე იყო 2012 წლამდე, რაც არ უნდა მორალურად მართალი იყოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში (და მე თქვენ გეთანხმებით ბევრ რამეში, ჟურნალისტებთან ძალადობას როცა აქვს ადგილი), სჭირდება კონკრეტული დანაშაული და არამხოლოდ რაღაცა განცხადება და ა.შ. დანაშაულის ფაქტს [სჭირდება] კონკრეტული მტკიცებულებები და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის თანახმადაც პირს შეიძლება მსჯავრი დაედოს და თუ ასეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის და თუ დანაშაულის ნიშნებთან ვერ მიდის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო, მაშინ რთულია, ადამიანისათვის ბრალის წაყენება, მსჯავრის დადება სასამართლოში და ა.შ.
ვის მიმართაც (და იცით თქვენც ძალიან კარგად და მალავთ ხოლმე) იყო კონკრეტული მტკიცებულებები და მათი ერთობლიობა, ის ადამიანები დღეს სასამართლოში არიან და სამართლდებიან, რა კვალიფიკაციითაც შესაძლებელი იყო ამ ადამიანების გასამართლება, სადაც იყო მტკიცებულებების სტანდარტი ამგვარად, ის ადამიანები სამართლდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.