რატომ არ გადასცა ვაშინგტონმა კიევს შორი მოქმედების რაკეტები და რას შეცვლის HIMARS?

დღეს ვაშინგტონში საბოლოოდ დაადასტურეს, რომ აშშ უკრაინას მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებს – HIMARS-ებს გადასცემს.

ამერიკული სარაკეტო სისტემების გადაცემაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაიწერა. ჯერ კიდევ მაშინ, რაც პირველად HIMARS-ების გადაცემაზე მედიაში ინფორმაცია გამოჩნდა, მოსკოვში აშშ-ის შესაძლო ნაბიჯს მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა უკრაინას არაერთხელ მიაწოდა შეიარაღება, ყველაზე დიდი შეშფოთება რუსეთში სწორედ HIMARS-ების მიწოდებას მოჰყვა.

თუმცა, ვაშინგტონმა კრიტიკა დაიმსახურა პროუკრაინული პოზიციიდანაც. რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას არ გადასცემდნენ ისეთ შეიარაღებას, რომლითაც მათ რუსეთის სიღრმეში იერიშის მიტანა შეეძლებოდათ. ბაიდენის განცხადებას მოჰყვა სკეპტიკური პროგნოზებიც, რომ თითქოს აშშ უკრაინას სარაკეტო კომპლექსებს საერთოდ არ მიაწვდიდა.

საბოლოოდ, როგორც CNN წერს, უკრაინა HIMARS-ებს მიიღებს, ოღონდ სისტემები აღჭურვილი იქნება ისეთი რაკეტებით, რომლებსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ.

აშშ, ჯერჯერობით, თავს იკავებს, რომ უკრაინას გადასცეს ამ სისტემების მაქსიმალურ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც მიზნის განადგურება 300 კილომეტრზეც შეუძლიათ.

რატომ მოჰყვა HIMARS-ების გადაცემას პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში ასეთი გამოხმაურება და რაზე მიანიშნებს აშშ-ის ნაბიჯი, რომ ერთი მხრივ მისცეს უკრაინას HIMARS-ის სისტემა, მაგრამ არა იმ ტიპის რაკეტებით, რომლებსაც სამიზნის განადგურება უფრო მეტ მანძილზე შეუძლიათ?

HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა. თუმცა, მისი რუსული ანალოგებისგან განსხვავებით, მას შეუძლია სხვადასხვა კალიბრის რაკეტის სროლა. მათ შორის, ექვსი 227 მმ კალიბრის უმართავი რაკეტის, ორი 240 მმ-იანი რაკეტის ან ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის სროლა.

ამ შემთხვევაში, აშშ უკრაინას არ მიაწვდის სწორედ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტებს, თუმცა კიევისთვის გასაგზავნი რაკეტების სროლის მანძიი მაინც ბევრად აღემატება აქამდე მათ ხელთ არსებული არტილერიის შესაძლებლობებს.

უკრაინას საშუალება მიეცემა, რომ რუსებს დარტყმა არა მხოლოდ ფრონტის ხაზთან მიაყენოს, არამედ იერიში მიიტანოს მათ სიღრმეში არსებულ მართვისა და მომარაგების ცენტრებზე. შედარებისთვის აშშ-დან აქამდე გაგზავნილი ჰაუბიცების სროლის მანძილი მხოლოდ 25 კილომეტრამდე იყო.

როგორც „პუბლიკასთან“ ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი კობერიძე ამბობს, ვაშინგტონში უკრაინის დახმარებაზე არ ორჭოფობენ, მათ რუსეთის შეჩერება სურთ. თუმცა ფრთხილბოენ ისეთი იარაღის მიწოდებაზე, რამაც შეიძლება მოსკოვს საშუალება მისცეს, მაგალითად ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი დაიწყოს.

„იკვეთება საკმაოდ ნათელი სურათი – დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთი მაქსიმალურ დაწოლას ახორციელებს უკრაინის თავდაცვაზე და ფაქტობრივად, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ის პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულოს, რომელიც მათ დონბასს ხელში ჩააგდებინებს და ამით გამარჯვებას გააფორმებინებს. ეს კი სამომავლოდ სერიოზულ მძიმე პრეცედენტს შექმნის მთელი მსოფლიოსათვის.

აქედან გამომდინარე, აშშ ხვდება, რომ რუსეთი უნდა შეჩერდეს, მიიღოს დიდი ზარალი და უკან დაიხიოს ოღონდ ისე, რომ ამით გლობალური ომი არ იქნას გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ უკრაინას ეხმარება იმაში, რომ რუსეთი დამარცხდეს.

მაგრამ ვაშინგტონში ისეთი და იმ რაოდენობით იარაღის მოწოდებას უფრთხილდებიან, რამაც შეიძლება რუსეთში ეგზისტენციალური საფრთხის აღქმა გააჩინოს და შექმნას მობილიზაციის საფუძველი ან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დაიწყონ საუბარი“, – ამბობს გიორგი კობერიძე „პუბლიკასთან“.

ამასთან, როგორც გიორგი კობერიძე განმარტავს, მძლავრი ამერიკული შეიარაღების მიწოდებას სხვა ფაქტორებიც ახლავს თან. მათ შორის, ვაშინგტონში არ სურთ, რომ მათი შეიარაღება რუსებს ჩაუვარდეთ ხელში. შესაბამისად, მეტი იარაღის მისაღებად უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული იარაღი ეფექტიანად გამოიყენონ.

„აშშ დააკვირდება თუ როგორ აითვისებს უკრაინა მიღებულ შეარაღებას. თუკი მათ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და იარაღიც მტერს არ ჩაუვარდა ხელში ან მისი განადგურება ვერ მოხერხდა, ამის შემდეგ სავარაუდოა, რომ დაიწყება დამატებითი იარაღის შედინება უკრაინელთა დასახმარებლად.

ზოგადად, აშშ ფრთხილობს, თუმცა გადაწყვეტილი აქვს რუსეთის ამ ომში უეჭველად დამარცხება“, – ამბობს გიორგი კობერიძე „პუბლიკასთან“.