რატომ არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი სახლში, შინაპატიმრობაში? - მამულაშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ წერილსა და სასამართლო პროცესების შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.

ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე მალე სამოქმედო გეგმას წარუდგენს საზოგადოებას და ეს რამდენიმე დღეში იქნება. ის ამბობს, რომ მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თითქმის დასრულებულია.

„მიხეილ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც შენ ხარ ომში, იმის კომფორტი, რომ წამოგორდე და დაისვენო არ გაქვს. თქვენ გინახავთ რომ გაქანებულ ბრძოლაში გენერალი  ან გენერლები წამოწვნენ და თქვან, რომ დავიღალეთ, მოდი, ჩვენ ამოვისუნთქავთ და გავაგრძელებთ ომს, ეს ომი წაგებულია.

ამიტომ რამდენიმე დღე აუცილებელია, რომ გეგმაზე შევჯერდეთ, ოპოზიციის სხვა წევრებთან მიმდინარეობს საუბარი და ჩვენი თავმჯდომარე ამ გეგმას გააცნობს რამდენიმე დღეში საზოგადოებას. სრულდება მოლაპარაკებები და დღეს ან ხვალ გვეცოდინება უფრო ზუსტად ყველაფერი”“ – ამბობს ნონა მამულაშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეების სამართლებრივ ნაწილს, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

„ამის იურიდიული მექანიზმები არსებობს. ამაზე მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და საერთაშორისო ადვოკატები. არსებობს უამრავი მექანიზმი და მაგალითი, როგორ მოხდა ადამიანის უპირობო გათავისუფლება ან საერთაშორისო ფორმატში მისი წარდგენა.

შევთანხმდეთ, საქართველოში სასამართლო არის მართული. მე მგონი, ამაზე კითხვა არავის არ აქვს.  სასამართლო, რომელიც არის მართული და რომელიც ასრულებს ერთი ადამიანი დავალებას, რომელიც პირადად ემტერება  მიხეილ სააკაშვილს, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაავლებენ.

უამრავი კითხვა არსებობს ხომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კი ბატონო, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე გავცემ პასუხს ამ კითხვებს, მაგრამ მომეცით საშუალება, წარვდგე დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და არა ოლიგარქის სასამართლოსთან.

საერთაშორისო ფორმატებში არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომ საერთაშორისო მოსამართლეებმა მოისმინონ მისი საქმე და შესაბამისად, წაიყვანონ ეს საქმე. ადამიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყო, მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია არა მხოლოდ საქართველოში“, – ამბობს ნონა მამულაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენა უნდა იყოს საჯარო და გადაიცემოდეს ტელეარხებით.

ჟურნალისტმა ჰკითხა ნონა მამულაშვილს, რომ ეს პროცესი  – საერთაშორისო მექანიზმების მოძიება და მოსამართლეების ჩართვა, შესაძლოა გაგრძელდეს დიდხანს და მაშინ, როდესაც ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ეს როგორ წარმოუდგენიათ. ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ აქაც არსებობს საშუალება, მაგალითად, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში.

„ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს სახლში გადაყვანილი შინაპატიმრობაში? რა პრობლემას ვხედავთ, კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში, გაქცევას ხომ არ აპირებს, რატომ არ შეიძლება ის შინაპატიმრობაში იყოს?“, – ამბობს ნონა მამულაშვილი.