რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას - საგარეოს განმარტება

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა, რადგან ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სამართლებრივ პროცესში ქვეყანა პოტენციურად მესამე მხარედ შეიძლება ჩაერთოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აქვს სარჩელები შეტანილი სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში და შესაძლოა ამან გავლენა მოახდინოს პროცესზე.

„ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).

გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პუბლიკისთვის“ მიწოდებულ წერილობით კომენტარებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც.

„ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველო არ არის იმ 40-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც ერთობლივ განცხადების ავრცელებენ და მხარს უჭერენ უკრაინას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც აწარმოებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს, დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ პროცესის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს რუსეთს, სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში დროებითი ზომების შესახებ,  დაავალა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile