„რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება – ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით და, ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს”, – ამის შესახებ განცხადებას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)
კავკასიის ოფისი ავრცელებს.
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ზოგადი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ცნობილია: მართებული ჰესი – მართებულ ადგილზე. „მართებული ჰესი“ ნიშნავს – უახლესი, ბუნებისადმი დამზოგავი და მინიმალური ზიანის მომტანი ტექნოლოგიებით აშენებულს, ხოლო „მართებულ ადგილზე“ ნიშნავს – ადგილის შერჩევისას სტრატეგიული დაგეგმარების შედეგებისა და მდგრადი განვითარების სამივე შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებას – არა მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურის, არამედ და თანაბრად სოციალურ-კულტურულის და ეკოლოგიურის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათი თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს.
► ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მოსაზრებით, ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენება უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებებს;
► აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და ცალკეული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;
► ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად უნდა იქნას განხილული ყველა შესაძლო ალტერნატივა, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების ჩათვლით, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ბუნებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებები;
► ჰესები არ უნდა შენდებოდნენ „არამართებულ ადგილებზე“ და ზემოქმედებას არ უნდა ახდენდნენ მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემებზე. შესაბამისად, აუცილებელია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე მტკნარი წყლის ეკოსისტემების დაცვის მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება.
„გასაგებია, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარება ესაჭიროება და ამისათვის მოკლე და საშუალოვადიანი გეგმებიც მნიშვნელოვანია: საქართველოს აქვს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსები და ქვეყანამ ამით უნდა ისარგებლოს, ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ – მართებული ტექნოლოგიების გამოყენებით – მართებულ ადგილზე.
რაჭა და მდ. რიონი კი ამ თვალსაზრისით მართებული ადგილი არ არის:
1 – რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;
2 – რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფელების / ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);
3 – მდ. რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა – ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ თვალსაზრისით კი მდ. რიონი ერთადერთი და შეუცვლელია შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდ. რიონზე დამატებითი ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ზუთხისებრთა ისედაც შემცირებულ სატოფო ადგილებს და საბოლოოდ, ზუთხისებრთა დაცვასა და შენარჩუნებას;
4 – ეჭვგარეშეა, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ რეგიონში უნიკალური აგრო-ბიომრავალფეროვნებით და გნებავთ ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობითაა გამოსახული, სახელდობრ – ვაზის უიშვიათესი, მსოფლიოსთვის უნიკალური ჯიშებით. ყველაფერ ამასთან, რაჭის ტურისტული პოტენციალი ერთი-ათად შემცირდება”, – წერს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის დირექტორი.
გაეცანით განცხადებას სრულად ბმულზე;
ამავე თემაზე:
► ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს – რაჭის სათემო ორგანიზაცია;
რა იგეგმება რაჭაში:
გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – ონი 1 ჰესი (122.46 მგვტ) და ონი 2 ჰესი (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია.
კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა;
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა;
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური);
2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.