რატომ არის არაეფექტური COVID-19-ის პრევენციის ლიბერალური პოლიტიკა - ცერცვაძის მოსაზრება

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ე.წ. ლიბერალურმა მიდგომამ ევროპის ქვეყნებში კატეგორიულად არ გაამართლა. მან მაგალითად ინგლისსა და შვედეთში არსებული ეპიდსიტუაცია მოიყვანა.

„ძირითადად, გვთავაზობენ ორ მოდელს. ერთი – მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა და, გარკვეულწილად, ჩვენც;

მეორე – ლიბერალური პოლიტიკა – მოვხსნათ მკაცრი შეზღუდვები, გავხსნათ ეკონომიკა. ეს ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანა გამოვიდეს რეცესიიდან, ეკონომიკა გამოვიდეს რეცესიიდან და მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობის იმედად ვიყოთ, რომ ისინი დაიცავენ წესებს. ეს ქვეყნები მიდიან იმაზე, რომ გავრცელდეს ინფექცია, მაგრამ ეს არ იქნება ტრაგედია. ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან გამოვა, რაღაც რაოდენობა, სამწუხაროდ, დაიღუპება, მაგრამ დანარჩენები შეიძენენ იმუნიტეტს და ქვეყანა გახდება იმუნური. ის ქვეყნები, რომლებიც ატარებენ მკაცრ ზომებს, მართალია, შეაჩერებენ ეპიდემიას, მაგრამ მუდმივად იქნებიან ამ ეპიდემიის განახლების შიშის ქვეშ.

მეორე მოდელი მხოლოდ მოჩვენებითადაა მომხიბვლელი. ამ გზამ არ გაამართლა. ინგლისში კატეგორიულად არ გაამართლა და ქვეყანაში სიკვდილიანობა 13%-ია. შემთხვევათა რაოდენობა ძალიან ბევრია და ახლა გადავიდა მკაცრ ზომებზე, დაგვიანებით, როცა გერმანიამ უკვე დაიწყო მკაცრი ზომების შემსუბუქება, როცა მიაღწია გარკვეულ შედეგს; ასევე, შვედეთი, ეს ყველაზე სამაგალითო ქვეყანა, მართლაც, მაღალი კულტურის ქვეყანა ისეთი ორგანიზებული მოსახლეობით, რომელიც, რასაც ეტყვი, იმას ასრულებს, ეს ქვეყანაც ალაპარაკდა უკვე საგანგებო ზომებზე.

ბორის ჯონსონისა და ზოგიერთების იდეა ჯოგურ ანუ პოპულაციურ იმუნიტეტზე ეფექტიანი რომ გამოდგეს, სულ ცოტა, 2/3 უნდა დაავადმყოფდეს მოსახლეობის, ანუ ინგლისში – 50 მლნ, საქართველოში – 2.5 მლნ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ რამდენიმე ათასი თუ შეიძენს იმუნიტეტს, ეს არაფერი არ იქნება. მოსახლეობის მეტმა ნაწილმა უნდა შეიძინოს იმუნიტეტი, მეტმა ნაწილმა უნდა გადაიტანოს ეს დაავადება. მართალია, 80%-ში ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ 20%-ში ხომ მიმდინარეობს მძიმედ, 5%-ში ხომ მიმდინარეობს კრიტიკულად, 10% სიკვდილიანობა ხომ არის ევროპის ქვეყნებში.

ინგლისში რომ მართლა გაეშვათ ის მოდელი ბოლომდე და 50 მლნ დაავადებულიყო, ეს ინგლისში 5 მლნ ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნებოდა. რამდენად ღირს 5 მლნ ადამიანის სიკვდილი იმად, რომ დანარჩენ მოსახლეობას ჰქონდეს იმუნიტეტი? ცხადია, რომ მცდარი აზრია, მცდარზე მცდარია. იგივე ხდება შვედეთშიც“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ის ამართლებს მთავრობის შეზღუდვების პოლიტიკას, თან ხაზს უსვამს, რომ „მთავრობის აპოლოგეტი“ არ არის. ცერცვაძის თქმით, საჭიროა მკაცრი ზომები, მაგრამ ხანმოკლე დროში, ანუ, რაც უფრო მეტად მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოიხსნება ისინი. მან იმ მოსაზრებასაც უპასუხა, რომ ეპიდემია მკაცრი ზომებით შეჩერდება, მაგრამ მუდმივად იქნება მისი განახლების საფრთხე:

„არა და რატომ: ეპიდემიებს ყველას ახასიათებს გარკვეული ციკლულობა, გარკვეული დროის მერე ისინი თვითონ მიდიან დაღმავალი გზით და იმედი მაქვს, როცა შევაჩერებთ ეპიდემიას მკაცრი ზომებით, გადავიტანთ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით და ამასობაში თვითონ ეპიდემია გადაივლის და აღარ გვექნება მძიმე მომავლის საფრთხე”, – განაცხადა ცერცვაძემ.