რატომ ეუბნება მთავრობა უარს პრეზიდენტს ვიზიტებზე - რას ამბობენ უმრავლესობაში?

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწორედ გერმანიაში შედგებოდა.

ამის საპასუხოდ, რამდენიმე საათში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტს გერმანიაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა და ის კონსტიტუციას არღვევდა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად წერილობით უარი ეთქვა უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტზე. რატომ ეუბნება მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს უცხოეთში ვიზიტებზე, ამის შესახებ განცხადებაში არაფერი ეწერა.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ კომენტარი ამ საკითხზე მხოლოდ რამდენიმე წევრმა გააკეთა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ არსებობს რისკები, რის გამოც მთავრობა უარს ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, რომ შეხვდეს უცხოელ კოლეგებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასებითი კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია რეფორმებით და იმსახურებს სტატუსს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს, ამ მიზეზიდან გამომდინარე.

სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მით უმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება. როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ – არა, არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ცდილობს „თავისებური თამაში ითამაშოს”.

„პრეზიდენტი, ხედავს რა, რომ საქართველო მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს, ასეთ ფონზე მისი მცდელობა, კომუნიკაცია იქონიოს უცხო სახელმწიფოთა დედაქალაქებთან, არ არის უბრალოდ საკუთარი როლისა და კონტრიბუციის გამოკვეთის მცდელობა, არამედ ეს არის შეუთანხმებელი ნაბიჯების გადადგმის რისკის მატარებელი“, – ამბობს ის.

„ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ამაზე რეაგირებაა საჭირო.

„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის ვიდეომიმართვაში, რომელიც პარტიის გვერდზე ვრცელდება.