რატომ გადაიდო სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე - რას ამბობს ყოფილი მოსამართლე

პუბლიკა

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან საქმის განმხილველ ერთ-ერთ მოსამართლეს, ლია ორკოდაშვილს, მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც ყოფილმა მოსამართლემ „პუბლიკას“ უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ უვადო მოსამართლე იყო, უფლებამოსილება შეუწყდა, რადგან მიაღწია კანონით დადგენილ ასაკის ზედა ზღვარს, 65 წელს.

„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მართალია, მოსამართლე უვადოდ ინიშნება, მაგრამ ზედა ზღვარი, ასე ვთქვათ, არის 65 წელი და კანონში გარკვევით წერია, რომ, როდესაც მოსამართლე არის 65 წლის, მას უწყდება უფლებამოსილება. 21 მაისს გავხდი 65 წლის და თავისთავად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება, სახლში ვარ 21 მაისიდან“, – ამბობს ის.

ლია ორკოდაშვილის თქმით, 7 წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელიც სამოსამართლეო ასაკის 70 წლამდე გაზრდას მოითხოვდა, თუმცა საკონსტიტუციოს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„7 წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემმა მაშინდელმა ერთ-ერთმა კოლეგამ შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა, რომ სამოსამართლეო ასაკი გაზრდილიყო 65-დან 70 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლო ორი წელი იხილავდა ამ საკითხს. ჯერ ორი წელი რად უნდოდა ამის განხილვას. ახლა 5 წელია, სათათბიროდ არიან გასულები და არც იმას ამბობენ, 65 დარჩესო და არც იმას, 70 გახდესო. 5 წელია, გადაწყვეტილება ვერ მიუღიათ. სასწაულია, თუკი სათათბიროდ გადიხართ, ამ საკითხზე ჩამოყალიბება გჭირდებათ და 5 წელი სჭირდება იმაზე ფიქრს, რომ დარჩეს სამოსამართლეო ასაკად 65 ან გაიზარდოს?“, – უთხრა მან „პუბლიკას“ და აღნიშნა, რომ „ბევრი არ არის ისეთი მოსამართლე, რომელიც საპენსიო ასაკს აღწევს; უფრო ახალგაზრდა მოსამართლეები არიან“.

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლე: მაია ქოქიაშვილი, ნინო ელეიშვილი და ლია ორკოდაშვილი განიხილავდნენ. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს ლია ორკოდაშვილის ადგილს კოლეგიაში.

პროცესის გადადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ, შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით. რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინისა და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე. რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს, თქვენ ხართ მართალი თუ მე?“, – წერს სააკაშვილი.