რატომ გაქრა აჭარის ტელევიზიის სამაუწყებლო ბადიდან „ათვლის კუთხე“ და „ჰეშთეგი“

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალი სატელევიზიო სეზონი გადაცემა „ათვლის კუთხის“ გარეშე დაიწყო. ამის შესახებ გადაცემის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი წერს, რომ სურთ მაყურებელლები და დაინტერესებულ პირები საქმის კურსში ჩააყენონ  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გადაცემა „ათვლის კუთხე“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„დღეს კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ბუნდოვანი არგუმენტაციით უარს ამბობს გადაცემისთვის საეთერო ბადის დათმობაზე. გადაცემა მზადდებოდა „პლატფორმა – სოციალური სამართლიანობასა“ და „აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე. მემორანდუმი გაფორმდა 2018 წელს და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

ჩვენმა გუნდმა მოახერხა, მაღალი პროფესიული ეთიკის სტანდარტის დაცვით, შეექმნა რეიტინგული სატელევიზიო პლატფორმა, სადაც ჟღერდებოდა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში) სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. პრობლემები.

„ათვლის კუთხე“ იყო აგრეთვე პლატფორმა აქტივისტებისთვის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. „პრობლემები“ გადაცემას მას შემდეგ შეექმნა, რაც გადაცემის წამყვანები, პროდიუსერები და სხვა დასაქმებული პირები აქტიურად ჩაერთნენ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის“ შექმნისა და განვითარების პროცესში შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. განსაკუთრებით გამწვავდა გადაცემაზე შეტევები, მას შემდეგ რაც მაუწყებლიდან უსამართლოდ გაშვებული თანამშრომელი, მალხაზ რეხვიაშვილი, ჩვენს გუნდში დავიმატეთ.

გადაცემის შემოქმედებითი გუნდის რამდენიმე წევრზე დაიწყო დისციპლინური მოკვლევა გაუგებარი მიზეზებით. ამ პროცესების დაწყების შემდეგ, გადაცემის შემოქმედებითი გუნდის რამდენიმე წევრმა, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, რომ ჩვენთან თანამშრომლობის გამო, შესაძლოა ისინი მაუწყებლიდან გაეთავისუფლებინათ. ყოველ ორშაბათს იყო მოლოდინი, რომ გადაცემა შეიძლება ვერ გასულიყო ეთერში. ასე დასრულდა მეორე სეზონი, “- ნათქვამია გადაცემის გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გუნდის წევრები ამბობენ, 26 აგვისტოს მიმართეს მაუწყებელს, თუ რომელ დღეს დაუთმობდა იგი გადაცემას, რადგან ახალი სატელევიზოო სეზონი იწყებოდა. მათი თქმით, მაუწყებელი 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს პასუხის გაცემას.

„ბოლოს კი პასუხად მივიღეთ, რომ მემორანდუმის პირობები „შესრულებულია“ და გადაცემა ეთერში ვეღარ გავა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მემორანდუმის ვადებს და პირობებს. შეგვატყობინეს, რომ მაუწყებელი იწყებს მუშაობას, მემორანდუმის გაფორმების ახალი პრაქტიკის შემუშავებაზე და მას შემდეგ, რაც დაადგენს, თუ რა ფორმით ითანამშრომლებს მომავალში მაუწყებელი ორგანიზაციებთან, მერე გადაწყდება „პლატფორმა სოციალური სამართლიანობასთან“  თანამშრომლობის საკითხი და შესაბამისად, გადაცემა „ათვლის კუთხის“ ბედი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორი სოციალური გადაცემა, „ჰეშთეგი“ და „ათვლის კუთხე“ აღარ არის საეთერო ბადეში სხვადასხვა მიზეზის გამო. წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს წაერთვათ შესაძლებლობა, მათი პრობლემები და წუხელები დამდგარიყო საჯაროდ დღის წესრიგში.

ვფიქრობთ, ეს არ არის შემთხვევითობა. მიზანმიმართულად ხდება იმ სივრცეების ამოქოლვა, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია კრიტიკული აზრის გაჟღერება. მიუხედავად ზემოთთქმულისა, ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ იმედს იტოვებს, რომ კვლავ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმიდან ისაუბროს თანამოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებზე, “-  წერს გადაცემა „ათვლის კუთხის“ გუნდი.

გუშინ განცხადება გაავრცელა ასევე გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდმაც, სადაც საუბარია, რომ გადაცემა ყოველდღიური ეთერიდან კვირაში მხოლოდ ერთ გადაცემამდე შემცირდა, რაც გუნდის შეფასებით წინასაარჩევნოდ გადაცემის თითქმის დახურვას ნიშნავს.

„ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი აგრეძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას. მაუწყებლის დირექტორი გვსჯის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ არ შევეგუეთ ძალმომრეობაზე დაფუძნებულ საკადრო პოლიტიკას და დღემდე მაქსიმალურად ვცდილობთ საჯარო გავხადოთ მის მმართველობასთან, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შელახულ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, “- ამბობენ გადაცემის გუნდის წევრები.