27 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის სენატში, სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეხვდა საქართველოში იტალიის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს.
სენატორი მარკო ლომბარდო:
„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღინიშნა საგარეო ჩარევით, დარღვევებით, გაყალბებით, რომელიც დოკუმენტირებული იყო ძირითადი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.
ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აგრძელებს პროტესტს, იტანს სასტიკ რეპრესიებსა და ძალადობას, მოითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას საარჩევნო პროცესის დარღვევის გამო და ახალ დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გაგრძელებას.
იტალიის ელჩი თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.
13 თებერვალს ევროპარლამენტმა ფართო უმრავლესობით დამტკიცებული რეზოლუციით დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოუწოდა რეპრესიების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ და კიდევ ერთხელ დაადასტურა დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული „ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების არაღიარება.
არც ერთი ევროპული მთავრობა არ ცნობს და მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ბატონო მინისტრო, ჩემი შეკითხვაა: რის საფუძველზე შეხვდა იტალიის ელჩი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს? გჯერათ თუ არა, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან კრიტიკული დიალოგის დაწყება საერთო ევროპული ფრონტის შესუსტებას აყენებს რისკის ქვეშ?
ფიქრობთ თუ არა, რომ ორმხრივი ურთიერთობების წამოწყება ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა „ევროპის სახალხო პარტიამ“, იმ პოლიტიკურმა ოჯახმა, რომლის წევრიც თქვენ ხართ?
უპირველეს ყოვლისა, იტალიის რა იმიჯს ვაჩვენებთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც 92 დღე და ღამეა, ქუჩაში გამოდიან საქართველოს და ევროკავშირის დროშით, რათა მოითხოვონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროკავშირში გაწევრება?“
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაჯანი:
„[იტალიის] მთავრობამ არაერთხელ დაგმო ხელისუფლების ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეებისა და განსხვავებული ხმების მიმართ.
ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად კრიტიკული პოზიცია დავიკავეთ თბილისის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ღონისძიებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესში აღებულ ვალდებულებებს.
იტალია და ევროკავშირი კვლავ სთხოვენ საქართველოს, სიცხადე შეიტანოს ოქტომბრის არჩევნების დროს წამოჭრილ საკითხებში, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ არალეგიტიმურად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, გადახედოს ყველა ზომას, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ გზას და ცხადია, რომ ეს გზა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ, სამწუხაროდ, ნაბიჯები უკანაც გადაიდგა.
ჩვენი უკმაყოფილების ცხადად გამოსახატავად, ბრიუსელში მხარი დავუჭირეთ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ევროპულ დონეზე არჩევნების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვჯერა, რომ სასარგებლოა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არხების გახსნა, თუნდაც კრიტიკისთვის, როცა საჭიროა და ჩვენი ხმის ცხადად მისაწვდენად.
ხელისუფლება ყურადღებით გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, მაგრამ არ გვინდა იმ ქართველი ხალხისთვის კარის დახურვა, ვინც ევროპისკენ იყურება და თავს ევროპელად გრძნობს.
ჩვენი პოზიცია ნებისმიერ შემდგომ შემაკავებელ მექანიზმზე ნათელია: ის უნდა იყოს მიზანმიმართული და პროპორციული და განურჩევლად არ უნდა აზარალებდეს ქართველ საზოგადოებას.
იტალია ერთგული რჩება ყველა ფრონტზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ჟურნალისტების, ყველა კონტექსტში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ჟურნალისტების.
ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, ჩვენ ვმუშაობთ რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღია დარჩეს, გზა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობასა და ზრდას ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის და მათი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.“
სენატორი მარკო ლომბარდო:
„მართალია, რომ ევროკავშირს არ აქვს საერთო პოზიცია, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს საერთო ევროპულ პოზიციას.
არ უარვყოფ კრიტიკული საუბრის მნიშვნელობას, მაგრამ მაინტერესებს და გეკითხებით, რა ფასად შეიძლება შენარჩუნეს ორმხრივი ურთიერთობები, რადგან საკმარისი არ არის ტრამპის ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობები ევროკავშირის ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ანალოგიურად, მე მჯერა, საქართველოსთან კრიტიკული დიალოგი არ არის საკმარისი პუტინის რუსეთის კეთილმოსურნეობის მოსაპოვებლად.
ამიტომ ჯობია მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს საერთო ბედზე, რომელიც უნდა იყოს ევროპის შიგნით, ევროპულ ინსტიტუტებში.“
იტალიის ელჩთან შეხვედრაზე ინფორმაცია „ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეიჯზე 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა და მასიმილიანო დ’ანტუონო განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი დ სამომავლო გეგმები.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო „საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.“
იგივე ინფორმაცია 3 თებერვალს იტალიის საელჩომაც გაავრცელა. საელჩო შეხვედრის შინაარსზე წერს:
„იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. მხარეებმა, ორმხრივი კავშირების გარდა, განიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.“