რატომ უჭერს „ოცნება" მხარს გენდერული კვოტირების გაუქმებას - თალაკვაძის კომენტარი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას.

მისი თქმით, ნებისმიერ პარტიას რჩება თავისუფლება, რომ სია დააკომპლექტოს ისე, როგორც მას სურს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” სიაში ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ეყოლება.

„ჩვენი როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ, არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში გაიზრდება ეს მხარდაჭერა.

რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. პირველი – როცა კვოტირების პრინციპი მივიღეთ თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი ზომა, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა.

მეორე – მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნებოდა მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, რომ დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით.

„ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც “ქართულ ოცნებას” ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა.

მესამე – „ქართულმა ოცნებამ”, ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც ჩართულია პოლიტიკაში. მათი ხმა ისმის უფრო ძლიერად და მათი მონაწილეობა არის დღეს არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ.

გარდა ამისა, იცით, რომ არჩევნების ნეიტრალურად მაღალი სანდოობით გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭირო არის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ეს, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და „გირჩმა” უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.


„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა. კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. უმრავლესობის დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.