რატომ ვერ იღებს „ქართული ღვინის კულტურის კვლევის“ ექსპედიცია ნებართვას გათხრებზე

ლიკა ზაკაშვილი

სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან მეცნიერების გათავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ არქეოლოგებს გათხრებისთვის ნებართვას არ აძლევს.

ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის ხელმძღვანელი – მინდია ჯალაბაძე – ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორია. ის ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომლის ფარგლებშიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.

აპრილის თვეში სწორედ ამავე ექსპედიციის ფარგლებში მინდია ჯალაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვისთვის მიმართა.

მას კანადელ კოლეგებთან ერთად 1 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში არქეოლოგიურ ძეგლზე, ქართლში, იქ სადაც აღმოაჩინეს უძველესი ქართული ღვინო, გათხრები უნდა ეწარმოებინა. თუმცა მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გათხრებზე ნებართვა ჯერ ისევ არ მიუღიათ.

მინდია ჯალაბაძე „პუბლიკას“ უყვება, რომ ნებართვის მიღების მოლოდინში, 1 მაისიდან ამ დრომდე არქეოლოგიურ ძეგლზე ასუფთავებდნენ ჭრილებს და გათხრებისთვის ახალ ფართობებს ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, უიმედოდ, რადგან ნებართვა ამ დრომდე არ მიუღიათ.

ხვალიდან არქეოლოგიური ძეგლის დახურვას იმ იმედით იწყებენ, რომ მომავალ წელს იმავე ბარიერებს არ წააწყდებიან.

„ეს საერთაშორისო პროექტია. კანადელ მეცნიერებთან ვთანამშრომლობთ. ისინი ყოველ წელს ჩამოდიან. წელსაც წინასწარ დაიგეგმა. წინასწარ ვიცით ხოლმე, როდის ჩამოდიან. პროექტიც ასე შევადგინეთ, 1 მაისიდან – 15 ივნისის ჩათვლით უნდა გვემუშავა, ანუ ჩაგვეტარებინა გარკვეული გათხრები ძეგლზე, სადაც აღმოაჩინეს გამოჩენილი, უძველესი ღვინო. გათხრები უნდა ჩაგვეტარებინა ქვემო ქართლის, მარნეულის ტერიტორიაზე. ჩამოვიდა 7-8 კაცი. ჩვენც დავხვდით აქ, გუნდი ეროვნული მუზეუმიდან. წინა წლებში არავითარი დაბრკოლება არ ყოფილა ნებართვის აღებისა და შემდგომი მუშაობის უფლების მოპოვების ნაწილში“, – ამბობს მინდია ჯიბლაძე.

მისი თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტოში გათხრებზე ნებართვის მისაღებად მოთხოვნა 29 აპრილს შეიტანა. უფრო ადრე ვერ მოახერხა, რადგან გარკვეული დოკუმენტების მიღება გაჭიანურდა.

ის ამბობს, რომ აპრილში შეხვდნენ კიდეც არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვის გამცემი კომისიის წევრებს და ჰქონდათ პირობა, რომ მათ საკითხს განიხილავდნენ.

„აპრილის ბოლოს შევხვდი საბჭოს წევრებს. ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო – ნებართვები მუნიციპალიტეტიდან, ქონების მართვის სააგენტოდან, მუზეუმიდან და ა.შ. ისინი შეგვპირდნენ, რომ განიხილავდნენ ჩვენს საკითხს და რატომ არ განიხილეს, ეს უკვე აღარ ვიცი.

თანახმა ვიყავით, რომ პირველი 2-3 კვირა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაგვეტარებინა, გათხრები არ გვეწარმოებინა და მერე, როცა მივიღებდით ნებართვას, იმ ერთ თვეს გათხრებს მოვახმარდით. კანადელი კოლეგებს საქართველოში ჰყავთ ნაცნობები, ბევრი მეგობარი. ელჩიც კი იყო ჩართული, რომ რაღაცნაირად მიეწვდინათ ხმა, მაგრამ არაფერმა იმუშავა. დავრჩით ასე“, – ამბობს მინდია ჯალაბაძე.

მისი თქმით, კანადელი კოლეგებს წინასწარ შეძენილი აქვთ ბილეთები და 15 ივნისს საქართველოს დატოვებენ.

 „მთელი ეს პერიოდი მოსამზადებელ სამუშაოებს მოვახმარეთ. ვასუფთავებდით ჭრილებს, ვამზადებდით იმისათვის, რომ დაწყებულიყო ახალი ფართობების გათხრა. დაზვერვებზე დადიოდა რაღაც ჯგუფი, აფიქსირებდა კოორდინატებს სხვადასხვა პუნქტში. მარნეულის ველი ვრცელი მონაკვეთია და ი ბევრი არქეოლოგიური ძეგლია. აი, ამაში გავიდა ეს დრო“, – ამბობს მინდია ჯალაბაძე.

მისი თქმით, გათხრებზე ნებართვებს ვერ იღებენ სხვა ექსპედიციებიც, რომლებიც უცხოელებთან თანამშრომლობენ.

„ჩემი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები თავიანთ უცხოელ კოლეგებს ელოდებიან. ერთთან ავსტრალიური ჯგუფი ჩამოდის, მეორესთან – გერმანული. ვიცი, რომ ნებართვები ჯერ არ არის“, – ამბობს მინდია ჯალაბაძე.

3 ივნისს მუზეუმთან გამართულ აქციაზე მუზეუმიდან მაისში გათავისუფლებულმა არქეოლოგმა და მეცნიერთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ წიქარიძემ ისაუბრა, სადაც არქეოლოგებისთვის ნებართვის გაცემებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხო.

„ვინც არქეოლოგი და ექსპედიციის ხელმძღვანელია, მოვუწოდებ, რომ გავაფორმოთ მემორანდუმი, რომ თუ დაარღვევენ კანონს და არ მოგვცემენ გათხრების უფლებას, ჩვენ დავიწყებთ გათხრებს და მერე ყველა დაგვიჭირონ, თუ უნდათ“, – თქვა ნიკოლოზ წიქარიძემ.

რატომ ჭიანურდება არქეოლოგებისთვის ნებართვის მიცემა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კულტურის სამინისტროსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს.