„REACT for Georgia" - ევროკავშირმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტი გამოაცხადა

პუბლიკა

ევროკავშირი აცხადებს პროექტს REACT  (Resilient, Engaged, Active Civil Society for Transformation).

პროექტის ორ წელს მოიცავს და მთლიანი ბიუჯეტი 1 568 328 ევროა.

რელიზის მიხედვით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საიტზე გამოქვეყნდა, პროექტი აძლიერებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში, ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

• სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, მედია, ფართო საზოგადოება) შორის კავშირების გაძლიერება. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მომზადება ხელისუფლებასთან არსებითი დიალოგისთვის, როცა ამის პირობები შეიქმნება.

• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიებისა და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის გაუმჯობესების გზით.

 

პროექტი საქართველოს რეგიონებში ფარავს:

500 ორგანიზებულ ჯგუფს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები).
3000 მოქალაქეს (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები).
50 ბიზნესორგანიზაციას.

რელიზის მიხედვით, პროექტი ასევე მოიცავს კომპლექსურ საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.