„რეალური სივრცის" გუნდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლა 

პუბლიკა

გადაცემა „რეალური სივრცის” გუნდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლა.

ისინი გადაცემის და თანამშრომლების აღდგენას მოითხოვენ.

„რეალური სივრცის” გუნდი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 მაისს არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკისთვის გაათავისუფლეს.

თავდაპირველად, 11 აპრილს მაუწყებლიდან „დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე” გაუშვეს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი „მოამბის” წამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად. იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

მათ ასევე განცხადეს, რომ „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.

ზოგიერთ მათგანს საჯაროდ გამოხატული კრიტიკული პოზიციების გამო მაწყებელმა საყვედურებიც გამოუცხადა.

30 აპრილს მენეჯმენტმა მათ აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუშვეს, იხურება გადაცემა „რეალური სივრცეც”, ხოლო თანამშრომლებს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაში გადასვლა შესთავაზა.

გუნდმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„მენეჯმენტის მერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით”. – განაცხადეს მათ, რის შემდეგაც მაუწყებელმა მათთან ხელშეკრულებები საერთოდ გაწყვიტა.