„რედისონთან" არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ურტყამენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სასტუმროს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირება, რომლის შედეგადაც არასრულწლოვანს დაზიანებები აქვს მიყენებული.

ამავე არხთან საუბარში „რედისონის“ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ინციდენტში სასტუმროს თანამშრომლების მონაწილეობას უარყოფს.

მერიის სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობაზე ინფორმაციის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ მერიაში მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ მონაწილეობენ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულ ინციდენტში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განგვიცხადეს მერიაში.

ინციდენტზე გამოძიება დაიწყო შს სამინისტრომ. „პუბლიკას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile