რეფორმები, ინვესტიციები, უსაფრთხოება | აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დეკლარაცია მიიღეს

პუბლიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eap) სამიტზე, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

სამიტზე საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უმასპინძლეს. სამიტში არ მონაწილეობდა ბელარუსი, რომლის ურთიერთობაც ევროკავშირთან 2020 წლის არჩევნების შემდეგ გართულდა.

სამიტზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წელს განახლებული დღის წესრიგი, რომელიც აღდგენასა და მდგრადობის გაუმჯობესებას, ამბიციური რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად.

დღის წესრიგი ამისთვის ითვალისწინებს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. სამიტისთვის გამოყოფილი იყო ხუთი წამყვანი მიმართულება – ეკონომიკა, მმართველობა, ციფრული მიმართულება, გარემო და საზოგადოება.

სამიტის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნეს საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება, ანგარიშვალდებულება, ინკლუზიურობისა და განსხვავებულობის მხარდაჭერა. მათ დაგმეს ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებები და რუსეთის  ჯარის თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან.

სამიტზე მიიღეს საბოლოო დოკუმენტიც –  20-პუნქტიანი დეკლარაცია.

რა წერია დეკლარაციაში?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სამიტზე გამოიყო 4 ძირითადი მიმართულება – პირველ რიგში, ის, რომ პარტნიორობა დაფუძნებულია კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეები მხარს უჭერენ დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებას რეგიონში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ზრუნვას და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რეფორმებისადმი ერთგულება. მიშელის განცხადებით, სამიტი იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოეხატათ ამბიცია რეფორმების გატარებისთვის, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეთა მოლოდინის გამართლებაზე.

მესამე მიმართულება საინვესტიციო პაკეტია. მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ადასტურებს, რომ სერიოზული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი დაეხმარება კონკრეტულ პროექტებს, მცირე და საშუალო ბიზნესინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს პარტნიორობის განვითარებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში, რაც მოიცავს ერთიანი როუმინგის დანერგვას, ერაზმუსის გაფართოებას სტუდენტებისთვის, მეტ ინტეგრაციას ევროზონაში და სხვ.

მეოთხე მიმართულება, რაც შარლ მიშელმა გამოყო, უსაფრთხოებაა. მისი თქმით, ევროკავშირში სურთ როგორც აყვავებული, ისე უსაფრთხო და სტაბილური რეგიონის ნახვა. აყვავება და უსაფრთხოება კი ერთმანეთს უწყობს ხელს.

დეკლარაციაში გამოთქმულია შეშფოთება ბოლო დროს რეგიონში ვითარების ესკალაციაზე და კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს.