რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებით, იმპიჩმენტი პარლამენტში ღია კენჭისყრით ჩატარდება

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ აინიციირებენ რეგლამენტის პროექტს „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე.

ასევე ღია კენჭისყრით მოხდება შესაბამისი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული წესი მათ შორის გავრცელდება იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც.

კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მისი არჩევა უნდა მოხდეს ფარული კენჭისყრით.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ვრცელია და განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღება საჭიროა „რიგი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული საკითხების ახლებურად რეგულირების და დახვეწის“ თვალსაზრისით.

რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს:

  • ზუსტდება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციები
  • პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%.
  • იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
  • განისაზღვრება კომიტეტის სხდომის მოწვევის, სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისა და კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვასთან, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარმდგენი სუბიექტების მიერ გამოწვევისა და კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვასთან, აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობის სიის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები
  • პარლამენტის მორიგი სესიის გახსნილად და დახურულად გამოცხადების წესები ასევე გავრცელდება პარლამენტის რიგგარეშე სესიის გახსნისა და დახურვის შემთხვევებზეც. რეგლამენტის პროექტით ასევე რეგულირდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხები.
  • საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით. რეგლამენტის პროექტით განსხვავებულად რეგულირდება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრის ერთიანად ჩატარების წესი.
  • დაჩქარებული წესით კანონპროექტის პლენარული სხდომის ერთ დღეს ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არა უმეტეს ორისა, განხილვა შესაძლებელი იქნება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, ახლებურად რეგულირდება პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.
  • განისაზღვრება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ, კერძოდ, სიტყვით გამოსვლის უფლება ასევე ენიჭება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. წარმოდგენილი პროექტით იცვლება აგრეთვე, პეტიციის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი ბიუროს სხდომას 9 ოქტომბერს წარედგინება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტში პლენარული სხდომები არ ჩატარდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე დასკვნა პარლამენტს 14 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.

პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.