რეგულირების სააგენტომ 2021 წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე  უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით დაფიქსირდა 34 შემთხვევაში. საერთო ჯამში კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.

„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს ითვალისწინებს, განმეორებით კი – 12000 ლარს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგულირების სააგენტო, უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით. სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში“, – განმარტავს რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე.

გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. იმ შემთხვევაში თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას მას 3 წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში. 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – 9.