„რეისი იყო კომერციული, ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“ - სტრატკომი

პუბლიკა

„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – ასე ეხმაურება მთავრობის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს.

სტრატკომი ისევ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მგზავრობის ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა და სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი ირაკლი ღარიბაშვილმა კერძო ფრენისთვის იქირავა.

მათი ცნობით, ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მთავრობის სტრატკომის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ  ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.