საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადა „გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო“ და ვადის გაზრდით ევროკომისიამ თავი დაიზღვია, რათა საკითხი სრულფასოვნად განიხილოს.
როგორც პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, აღნიშნული ვადის ცვლილების მიუხედავად, ხელისუფლების გეგმა არ იცვლება.
„ზოგადად, 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, ერთი მხრივ თუ გავითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ამ რეკომენდაციებშია და მეორე მხრივ, როდესაც საქართველო ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, საჭიროა, ევროკომისიამაც გარკვეული დრო დაუთმოს ამის გადამოწმებას.
ამიტომ, ვფიქრობ, თავი დაიზღვიეს და თავადაც, დრო აიღეს, რათა შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად განიხილონ ეს საკითხი. როგორც ვვარაუდობ, იგივე საკითხი შეეხება უკრაინასა და მოლდოვას. იქ უფრო რთულადაა საქმე. მაგალითად, მოლდოვის მიმართ წაყენებული რეკომენდაცია, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა გატარდეს, ვფიქრობ, წარმოუდგენელია ამ 6 თვეში შესრულდეს. ვფიქრობ, იქით უფრო საჭირო იყო დამატებითი ვადები. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გეგმები არ იცვლება, წარმოდგენილი გვაქვს მკაფიო გრაფიკი. არა მხოლოდ თვეებით, არამედ თარიღებითაა გაწერილი, სადაც ჩაწერილია, როდის დაინიცირდება და მესამე მოსმენით მიიღება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხაელ რუპის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ არ დააჩქარონ საქართველო ევროკომისიის დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და ევროპულ საბჭოსთან შეთანხმებით ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს არა ამ წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს წარადგენენ.