რელიგიათა საბჭო: ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა!

პუბლიკა

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ევროკავშირის პერსპექტივაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განვითარების განმსაზღვრელი ბუნებრივი ვექტორია.

„რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი, ადგილი დაიმკვიდროს ევროპის კავშირში. ევროპელი მეგობრებისგან ჩვენ ველით უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, – საქართველსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განვითარების განმსაზღვრელი ბუნებრივი ვექტორია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნება არაერთხელაა გამოვლენილი სწორედ ევროპის კავშირში ადგილის დამკვიდრების მიზანთან დაკავშირებით“, – აცხადებს რელიგიათა საბჭო.

საბჭოს განცხადებით, მრავალეთნიკურმა და მრავალკონფესიურმა ქართველმა ხალხმა ამ მიზსნისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი შრომა გასწია; ჩვენი საერთო აზრია, რომ ევროკავშირის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას, მათ შორის იმ პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრას, რაც ევროპის პარლამენტის რეზოლუციითაა ნახსენები;

„კანდიდატის სტატუსის მოპოვება მძლავრ ბიძგს მისცემს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, გააღრმავებს სამოქალაქო ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას, შექმნის დამატებით წინაპირობას ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი და ტოლერანტული განვითარებისთვის, რელიგიის თავისფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვისთვის

ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა!

აქვე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას უკრიანელი ხალხისადმი: სწორედ მათი გმირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ უმნიშვნელოვანეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მომავალის განმსაზრვრელ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება“, – აცხადებს რელიგიათა საბჭო.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ხსნის არმია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ პროტესტანტული ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
  • მეგობართა საზოგადოება
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადება
  • აჰმადია მუსლიმთა საზოგადოება
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია