რელიგიის სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის

პუბლიკა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია.

სააგენტო გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწაფესად იქნება დარეგულირებული.

„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.

სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონალური კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.

სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად“, – აცხადებს სააგენტო.


ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. 8 მარტს ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ, რასაც მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები აპროტესტებენ.