რეპერ გიორგი ქებურიას საკონსტიტუციო სარჩელი გადაწყვეტილებას ელოდება

ნათია ამირანაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ რეპერი გიორგი ქებურიას (Kay G) საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განიხილა და ახლა უკვე ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„ბირჟა მაფიის“ ყოფილი წევრის, მოსარჩელე გიორგი ქებურიას წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია (EMC)”.

საკონსტიტუციო სარჩელით მხარე ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დააკავეს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერების საფუძველზე და მას ბრალად წაუყენეს ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა. მოსარჩელის განცხადებით, ხსენებული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ამასთან, სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, სასამართლოსთვისაც, იმ თანამშრომლის (კონფიდენტის) ვინაობა, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის განხორციელება და ამგვარ ინფორმაციაზე გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ლახავს მის კონსტიტუციურ უფლებებს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მხოლოდ კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როდესაც მის გასამყარებლად დამატებით არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და არ წარმოადგენს ფაქტების/ინფორმაციის იმგვარ ერთობლიობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ჩხრეკის ჩატარება.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებლის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების გამო, ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება მხოლოდ ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ახსნა-განმარტების საფუძველზე. პოლიციელის ახსნა-განმარტება კი ირიბ ჩვენებაზე ნაკლები სანდოობის მქონე მტკიცებულებაა, რადგან მოცემულ შემთხვევაში პირველწყაროს იდენტიფიცირებაც კი არ არის შესაძლებელი.

EMC-ის მიაჩნია, რომ კონფიდენტის დაცვის ლეგიტიმური მიზნის გათვალიწინებით, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა აფასებდეს მის შესახებ გარკვეული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესაძლებლობას. ამისთვის კი, როგორც მინიმუმ, თავად მოსამართლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონფიდენტის ვინაობა, რაც პირის საპროცესო უფლებების დაცვის უკიდურესად მინიმალურ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.

მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული კიდევ ერთი სადავო ნორმა ეხება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც არ არის გაქარწყლებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამოღებული ნივთი პირს თავად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ჩაუდეს.

საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციას დანაშაულის თაობაზე, რაზეც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ევალებათ რეაგირება. თავისთავად, მხოლოდ ამგვარი ინფორმაცია არ არის საკმარისი ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის. მოპასუხის აღნიშვნით, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ მისი სანდოობის შემოწმების მიზნით, ხდება დამატებითი ინფორმაციების მოძიება კონკრეტული გარემოებების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ინფორმაციათა ერთობლიობა და შესაძლებელი ხდება ჩხრეკის ჩატარება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერშია აღნიშნული, მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსარჩელის პოზიცია ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე სასამართლოს წვდომის დაშვებასთან დაკავშირებით და განმარტეს, რომ ამგვარ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა. მათი განმარტებით, საიდუმლო თანამშრომლებს აქვთ ნდობა კონკრეტული გამომძიებლის მიმართ და თავიანთი ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლოა, უარი თქვან საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე. ამასთან, მოპასუხის მითითებით, კანონით გათვალისწინებულ პირებს აქვთ დაშვება ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობაზე, რაც აზღვევს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვითნებობის რისკებს.

EMC-ის იურისტის, თამარ სამხარაძის განმარტებით, მათ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი ეხება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირის ჩხრეკას, ხოლო მეორე გამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას მტკიცებულებათა ერთობლიობას.

„ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ის საფუძველი, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირის ჩხრეკას ითვალისწინებს, არ არის საკმარისი საკანონმდებლო გარანტიებით აღჭურვილი. რაც იმას გულისხმობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია არის სრულიად გასაიდუმლოებული და პირს არ აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს რეალურად არსებობდა თუ არა ეს ოპერატიული ინფორმაცია და შესაბამისად, პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა საკმაოდ ფართო საფუძვლით ხდება და არ არსებობს თვითნებობისგან თავის დაცვის გარანტიები“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას თამარ სამხარაძე.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მისი თქმით, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით, რაც გულისხმობს, რომ შემდგომ, ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პირების წინააღმდეგ გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი. ამ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი კი, როგორც წესი, არის მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება და მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, რაც არის მაგალითად იმ პოლიციელების ჩვენებები, ვინც ჩხრეკა ჩაატარა, ვინც ოპერატიული ინფორმაცია მიიღო და ა.შ.

„მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტს, იმიტომ, რომ ჩხრეკის ჩატარების საფუძვლები პირველ რიგში იმდენად ფართოა, რომ თვითნებობის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, მასზე დაყრდნობით ამოღებული ნივთიერებაც კითხვის ქვეშ დგას – რამდენად არის მოპოვებული სამართლიან საფუძველზე დაყრდნობით. მეორე – პოლიციელის ჩვენებები, რომელიც ერთვის გადაწყვეტილებას, არ არის არც ირიბი და არც პირდაპირი ჩვენება, ვინაიდან მისი წყარო არ არის მითითებული. ის მიუთითებს მხოლოდ კონფიდენტზე, ოპერატიულ პირზე, ვინც ანონიმურად მიაწოდა ინფორმაცია. ირიბი ჩვენების სტანდარტიც რომ დაკმაყოფილდეს, აუცილებელია წყაროს მითითება. ამ შემთხვევაში კი ასე არ ხდება. შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად და სასამართლოს განაჩენი არ შეიძლება, რომ მას ეყრდნობიდეს“, – ამბობს თამარ სამხარაძე.


„ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს, კლიპის – „Tsl Shavi Zeda-ს” გამოქვეყნების შემდეგ.

მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის მუხლით წაუყენეს. პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

რეპერების თქმით, პოლიციამ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო დაკავებმადე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული კლიპის გამო, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული.

რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია.

2017 წლის დეკემბერში პროკურატურამ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.  უწყების განცხადებით, გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით  საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის.