რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა, განმარტებას ავრცელებს

პუბლიკა

რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც წლების წინ ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფის გამო ბოდიში ვიდეომიმართვაში მოუხადა, განმარტებებს ავრცელებს. რეპერი აღნიშნავს, რომ მიმართვა ვინმეს ძალადობით არ ჩაუწერია და ეს “TV პირველის” ეთერში მოყოლილ ძალადობასთან კავშირში არ ყოფილა.

რეპერი ზაზა ნოზაძე სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის მიერ წლების წინ ბერა ივანიშვილი შეურაცხყოფის გამო მოხდილი ბოდიში ვინმეს ძალადობით არ ჩაუწერია და მას კავშირი არ აქვს „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერთან.

„კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე … საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!” – წერს სოციალურ ქსელში ნოზაძე.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.