საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმაურება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას.
„თავისი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური სანქციების გაკრიტიკების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან! „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს „აჭარის ტელევიზიიდან“ მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო დათხოვნას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე!“, – აცხადებს ორგანიზაცია.
11 მაისს „ჰეშთეგის“ წამყვანი არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა. მალხაზ რეხვიაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
მალხაზ რეხვიაშვილი ერთ-ერთია აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა იმ ჯგუფიდან, რომელიც მაუწყებლის ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ტელევიზიაში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს. მან სხვა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პროფკავშირები და გეგმავდნენ გაფიცვას შრომითი უფლებებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მოთხოვნით, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული გარემოებების გამო გაფიცვაზე უარი თქვეს.