facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო აჭარის მაუწყებლიდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი გაათავისუფლეს

პუბლიკა

სატელევიზიო გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, რომელიც ამავდროულად აჭარის მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია, არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა. მალხაზ რეხვიაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდა, facebook-ზე 21 აპრილს დაიდო. ის ეხებოდა თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის საკითხს. თეო თურმანიძეც, ასევე სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტის გამო, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელის დისკრადიტაციაში დაადანაშაულა და მოხსნა ეთერიდან.

ტელეკომპანიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე კითხვებით გიორგი კოხრეიძეს დავუკავშირდით, მან არხის თანამშრომელ ჯემალ პაქსაძესთან გადაგვამისამართა.

ჯემალ პაქსაძის თქმით, მალხაზ რეხვიაშვილმა აჭარის მაუწყებლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა დეზინფორმაცია. მას ინფორმაციის გასწორებაზე მიუთითეს, რაც არ გაიზიარა, რის შემდეგაც საკადრო ბაზის განვითარების სამსახურმა შეისწავლა საქმის გარემოებები და დირექტორს მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე რეკომენდაცია მისცა.

მალხაზ რეხვიაშვილი ერთ-ერთია აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა იმ ჯგუფიდან, რომელიც მაუწყებლის ახალ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს ტელევიზიაში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს. მან სხვა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პროფკავშირები და გეგმავდნენ გაფიცვას შრომითი უფლებებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მოთხოვნით, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული გარემოებების გამო გაფიცვაზე უარი თქვეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile