რესპუბლიკის მოედანზე 21-22 მარტს ავტომობილების გადაადგილება იზღუდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გუშინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი და კვების ობიექტები მოეწყობა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, დინამო არენაზე, ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.