„რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მთავრობას აქვს თვალთახედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო და აღნიშნულ გეგმას რამდენიმე დღეში, ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს.
„მე მინდა ასევე გითხრათ ძალიან მოკლედ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ბატონო ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე.
გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალის აავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით, ასე, რომ არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქციას გამართეს.
აქციაზე შეკრებილი ექიმები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. შენობის რეაბილიტაციის პარალელურად კი ითხოვენ მუშაობის უწყვეტ რეჟიმს.
22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.
ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია.“ მისი თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.