რესპუბლიკურის კომერციალიზაცია გამორიცხულია. ასევე, არ შეიცვლება კლინიკის ლოკაცია - გაბუნია

პუბლიკა

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.

„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე – დასაქმების კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

გუშინ, 22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.