რესპუბლიკურის თანამშრომლები: სამინისტრომ დააანონსა კლინიკის შენობის ნგრევა. გთხოვთ, არ დაუშვათ

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

„ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ. რა თქმა უნდა, არქიტექტურული და ტექნიკური გათვლებით, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან. რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა მასმედიის საშუალებების მიერ.

ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელისშემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც.

ბუნებრივია, ყოველივე ზემოთაღნიშნული იწვევს კლინიკის თანამშრომლების მღელვარებას. ამას თან ერთვის ის, რომ კლინიკის 1000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი რჩება. კლინიკური მედიცინის ალმა-მატერის, რომელიც იყო და არის სამედიცინო კადრების აღზრდის საფუძველი. მასში დღესაც არაერთი ახალგაზრდა გადის სწავლებას. ამასთან, კლინიკა არის ყველა სამედიცინო ნოვაციის სათავეში. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი : ემერჯენსის“ სერვისი ამ კლინიკაშ შეიქმნა და დღეს ქვეყანაში ამ სერვისში მოღვაწე ყველა ხელმძღვანელი რესპუბლიკურში აღიზარდა. მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ამ რთულ ვითარებას და მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩვენთვის პასუხგაუცემელ კითხვებზე.

ამასთანვე, გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინოცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა“,- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

15 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „თბილისს ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.“ მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე, რომელიც საზოგადოებას, უახლოეს მომავალში წარედგინება.

„თბილისში არსებული რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, სამწუხაროდ, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამო. 2025 წლიდან, მთელს საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიც, რომლის შესაქმნელადაც სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

მისივე თქმით, რაც შეეხება ვადებს, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას ორი, ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდება.