რესტორნები დახურულია და ასეთი აქტივობები ინაცვლებს ოჯახებში – მეზვრიშვილი კომენდანტის საათზე

პუბლიკა

„გაუგებარია, რატომ არის ამდენი მითქმა-მოთქმა და კითხვები კომენდანტის საათთან დაკავშირებით“, – ამბობს „პირველ არხთან“ საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი შეზღუდვა საკმაოდ გამართლებულია.

„კომენდანტის საათმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეკავებინა მობილობა. რა იგულისხმება ამაში – შევაკავეთ ადამიანების გადაადგილება ჯგუფებად, ოჯახებად, ნათესავებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, იმ პერიოდში, რაც გართობის დროს მიიჩნევა“, – ამბობს მეზვრიშვილი.

როგორც ის ამბობს, იმ პირობებში, როდესაც ბარები, რესტორნები და კაფეები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და წესების დაცვა გაცილებით რთულია. სწორედ ამ მოტივით ამართლებს ის კომენდანტის საათის არსებობას.

“არავინ თქვას, რომ თუ კომენდანტის საათი მოიხსნება, ცდუნება არ ექნებათ, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა, დრო გაატარონ” – ამბობს მთავორბის ადმინისტრაციის უფროსი.