„რეტროს" მფლობელი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პუბლიკა

რესტორან „რეტროს” მეპატრონეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურებს.

აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება თავად ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

როგორც ვარშანიძემ პროცესზე განაცხადა, ხმამაღალი საუბრისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. არავისთვის ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ. ჩემს ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდით ვედექი როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე რომ უკმაყოფილო იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე გარეთ გასულიყვნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, – განაცხადა ბრალდებულმა.


4 ივნისს რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

გუშინ, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად,  30 ათასი ლარით დააჯარიმა.