„რეტროს" მფლობელი ფიზიკურ ძალადობაში თანამშრომლებს თავად ადანაშულებს - ადვოკატი

პუბლიკა

რესტორან „რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის ლევან მახარაშვილის განცხადებით, ვარშანიძე თანამშრომლებს ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში თავად ადანაშაულებს. მისი განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ რესტორნის მფლობელი ძირს ეცემა და წაქცეულს რამდენიმე თანამშრომელი ურტყამს.

ადვოკატის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, კონფლიქტის მიზეზი გახდა იმ თანხის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ.

მახარაშვილი ამბობს, რომ თუ რესტორნის მფლობელი დასაქმებულებს წლების განმავლობაში დამამცირებლად ექცეოდა, ამის თაობაზე პრეტენზია უნდა გამოეთქვათ, რაც არ მომხდარა.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დანარჩენი 32 საქართველოს მოქალაქეა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება. ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ამას არაერთი მოწმე ადასტურებს. მან [ვარშანიძემ] სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი.  ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

არცერთ თანამშრომელს კანონმდებელი არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კომპანიის დამფუძნებელს ფიზიკურად გაუსწორდეს და სცემოს. მას ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, სამედიცინო დახმარება გაეწია. უფრო მეტიც, გუშინ დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს, ისე ცუდად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით”, – ამბობს ადვოკატი  ლევან მახარაშვილი.


გუშინ, 4 ივნისს რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.