რესტორანში „რეტრო" შრომის ინსპექცია შევიდა

პუბლიკა

ბათუმში, რესტორან „რეტროში” შრომის ინსპექცია შევიდა. უწყება თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებების დარღვევას შეისწავლის.

როგორც გუშინ, 4 ივნისს გახდა ცნობილი, მიმტანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო და დაკავებულია რესტორნის მფლობელი.

რესტორნის თანამშრომელი თემო მგზავრიძე „მთავარ არხთან” ამბობს, რომ მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რაზეც მათ პროტესტი გამოთქვეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„გარეთ წამოიწია ჩემკენ, მაგრამ შემდეგ გაგვაშველეს. იმიტომ დაგვიპირისპირდა, რომ უფრო სწორედ პროტესტი გამოვთქვით ჩვენ, რომ ჩვენზე მაღლა აყენებდა რუსებს”, – ამბობს მიმტანი.

რესტორნის სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ რესტორნის ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ადრეც ყოფილა და ამის გამო სამსახური არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.

„რუსების აყვანა როცა დაიწყეს სამსახურში, ჩვენი ერთგვარი დაკნინება მოხდა. მათ უფრო მეტი პრივილეგიები მიანიჭეს, ვიდრე ჩვენ. არ ვიცი ეს რატომ და რის გამო ხდებოდა, მაგრამ ასე იყო. პირველი ადამიანი, ვინც კრებაზე ხმა ამოიღო ვიყავი მე და ბატონმა თემურმა არ მაცალა საუბარი, ერთი სიტყვაც არ მათქმევინა. ბოლოს თქვა, ვისაც არ მოსწონს, დატოვოს აქაურობაო”, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

„სამსახური თებერვალში დავტვე თითქმის იგივე მიზეზის გამო, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პიკის საათში, როცა მთლიანი რესტორანი სავსეა, დგას ადამიანი, ჩემი დამსაქმებელი და მიყვირის, მაყენებს შეურაცხყოფას. მაშინვე წამოვედი სამსახურიდან იმიტომ, რომ ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო“, – ამბობს რესტორნის ყოფილი თანამშრომელი.

მათივე ცნობით, გუშინდელი ამბის შემდეგ სამსახური 15-მა თანამშრომელმა დატოვა.


„რეტროს” მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.

გუშინ, 4 ივნისს რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.