„რეტროს" მფლობელს აპრილში მხოლოდ ჯარიმა აქვს დაკისრებული საქმეზე, როდესაც ადამიანი დაიღუპა - პროფკავშირი

პუბლიკა

რესტორან „რეტროს“ მფლობელი ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არ არის – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც „რეტროს“ მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა 4 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვარშანიძე კი სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც პროფკავშირების განცხადებიდან ირკვევა, თეიმურაზ ვარშანიძე, გარდა ამისა, ორ ფაქტზეა ნასამართლევი: 2016 წელს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და შემოტანის მუხლით, ხოლო მეორედ, 2023 წლის 26 აპრილს, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას პროფკავშირების იურისტი განმარტავს, აპრილში ვარშანიძემ ორი მუშა დაიქირავა სახლში გარკვეული სარემონტო სამუშაოებისთვის, არ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომები, რის გამოც ჩამოინგრა სახურავი და ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. იურისტის ცნობით, ის ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაეკისრა მხოლოდ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

პროფკავშირების გაერთიანება საგანგაშოდ მიიჩნევს თეიმურაზ ვარშანიძის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობისას გირაოს გამოყენებას, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა სულ რაღაც 2 თვის წინ შრომის კანონმდებლობის ისეთი დარღვევა ჩაიდინა, რამაც, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი გამოიწვია.

„სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ თეიმურაზ ვარშანიძე ორჯერ არის ნასამართლევი: ერთხელ 2016 წელს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და თურქეთიდან საქართველოში შემოტანის მუხლით, ხოლო მეორედ, 2023 წლის 26 აპრილს, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ორივე შემთხვევაში, ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება: პირველ შემთხვევაში, თეიმურაზ ვარშანიძეს სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, აგრეთვე, მიესაჯა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – მხოლოდ ჯარიმა დაეკისრა 5000 ლარის ოდენობით“, – წერია განცხადებაში.

პროფკავშირები მიიჩნევს, რომ „რეტროს“ მფლობელის გავლენებიდან გამომდინარე, მას შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს როგორც მოწმეებზე, ისე, სხვა მტკიცებულებებზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ თეიმურაზ ვარშანიძე რესტორან „რეტროს“ 100%-ის წილის მესაკუთრეა და სამუშაო პროცესშიც ყოველდღიურად იყო ჩართული, მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს როგორც მოწმეებზე, ისე, სხვა მტკიცებულებებზე. ეს რისკი გაიზრდება მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს „რეტროს“ საქმიანობის განახლების ნებართვას. დასაქმებულები პირად საუბრებში აღნიშნავენ ირიბი კომუნიკაციის მცდელობის შესახებაც. რესტორან „რეტროში“ დარღვევების სიმძიმეს ხაზს უსვამს შრომის ინსპექციის სამსახურის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც – სრული მანდატით ამოქმედების დღიდან შრომის ინსპექციამ პირველად შეუჩერა დამსაქმებელს საქმიანობა.

შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით მომუშავე დამსაქმებელთან ისეთი საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც ჩადენილ დანაშაულთან შედარებით ზედმეტად მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებდა. სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მძიმე სტატისტიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის პოლიტიკაც უნდა იყოს სათანადოდ მკაცრი. ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას და როგორც აღმოჩნდა, არც აღმოჩნდა თეიმურაზ ვარშანიძისთვის დამაბრკოლებელი, შეეწყვიტა შრომის კანონმდებლობის დარღვევა“, – წერია განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანება მოუწოდებს პროკურატურას ბრალდებულის წინასასამართლო სხდომამდე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თეიმურაზ ვარშანიძის დაპატიმრება განაჩენის გამოტანამდე. ასევე, ზოგადად, გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა დანაშაულების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით.

შრომის ინსპექციის სამსახურს კი მოუწოდებს არ აღუდგინოს საქმიანობა შპს „რეტროს“ და შპს „რეტრო 2-ს“, სანამ არ აღმოიფხვრება ყველა დარღვევა და სრულად არ შესრულდება გაცემული მითითებები.

თეიმურაზ ვარშანიძის წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული.


4 ივნისს რესტორან „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

5 ივნისს შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო, „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად,  30 ათასი ლარით დააჯარიმა.

ძალადობის ბრალდებით დაკავებული „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე,  6 ივნისს, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.