Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ს ომის დასრულების მოთხოვნების სია წარუდგინა

პუბლიკა

გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა აშშ-ს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნების სია წარუდგინა.

გამოცემა წერს, რომ ჯერ გაურკვეველია, რა მოთხოვნებია მოსკოვის სიაში ან მზადაა თუ არა, რომ კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს მათ მიღებამდე.

წყაროების თქმით, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები ამ პირობებს სამი კვირის განმავლობაში პირად და ვირტუალურ საუბრებში განიხილავდნენ.

Reuters წერს, რომ მოთხოვნები, რომლებიც კრემლმა წარადგინა ფართოა და იმ პირობების მსგავსია, რომლებიც რუსეთს მანამდე უკვე წარუდგენია უკრაინისთვის, აშშ-სა და NATO-სთვის.

ადრინდელი პირობები მოიცავდა უარს უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე, საერთაშორისო აღიარებას, რომ ყირიმი და კიდევ ოთხი ოლქი რუსეთის კუთვნილებაა და რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარები არ განლაგდებიან.

Reuters-თან ამ საკითხზე კომენტარს რუსეთის საელჩო ვაშინგტონში და თეთრი სახლი ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ასევე, გამოცემა The Washington Post-მა გამოაქვეყნა თებერვალში დაწერილი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის შესაძლო მოთხოვნებს ასახავს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაახლოებულმა და მოსკოვში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა დაწერა.

კრემლისთვის მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა უნდა იმუშაოს აშშ-ის მოლაპარაკებების პოზიციის შესუსტებაზე ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაღვივებით და გააგრძელოს ძალისხმევა უკრაინის სახელმწიფოს ჩამოშლისთვის.

დოკუმენტი უარყოფს დონალდ ტრამპის წინასწარ გეგმებს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ და მას „განსახორციებლად შეუძლებელს“ უწოდებს. გამოცემის ინფორმაციით, კრემლისთვის მომზადებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ „უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება 2026 წლამდე შეუძლებელია“.

დოკუმენტი ასევე უარყოფს ყველა გეგმას უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

The Washington Post ასევე წერს, რომ დოკუმენტი მოითხოვს, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბუფერული ზონის შექმნას და ასევე, სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის მახლობლად დემილიტარიზებულ ზონას.