Reuters: ივლისიდან რუსი ექსპორტიორები ფოთის გავლით ბულგარეთს გათხევადებულ გაზს მიაწვდიან

პუბლიკა

Reuters-ის ცნობით, ივლისიდან რუსი ექსპორტიორები ტრადიციული მარშრუტების დახურვის გამო ბულგარეთს გათხევადებულ გაზს (LPG) ფოთის პორტიდან მიაწვდიან. სააგენტო ინფორმაციას მოვაჭრეებისა და ანალიტიკური პლატფორმის, Refinitiv Eikon-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის მიწოდება შეწყვიტა. რუსეთმა ასევე შეწყვიტა უკრაინის გავლით რკინიგზით გაზის ტრანზიტი რუმინეთში უნგრეთსა და მოლდოვაში. გაზის შესყიდვა კვეთრად შეამცირა ფინეთმაც. გასულ წელს რუსეთიდან ექსპორტის 25% უკრაინასა და ფინეთზე მოდიოდა.

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში, რუსეთის ქალაქ სურგუტიდან „გაზპრომი“ და „სურგუტნეფტეგაზი“ დაახლოებით 3 000 ტონა LPG-ს ფოთში ჩაიტანენ, შემდეგ კი ზღვით გადაიტანენ ქალაქ ვარნაში.

სააგენტო მოვაჭრეების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთი თვეში მოიხმარს დაახლოებით 30 000-35 000 ტონა LPG-ს, აქედან თავად აწარმოებს დაახლოებით 10 000 ტონას, დანარჩენს რუმინეთისა და რუსეთისგან ყიდულობს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთიდან საქართველოსა და ბულგარეთში გადატანილი ტვირთი 50%-ით აღემატება უკრაინიდან ევროკავშირში ტრანსპორტირებულ მარაგს. მოვაჭრეთა გამოთვლით, სურგუტიდან ფოთში რკინიგზით ერთი ტონის ტრანსპორტირება დაახლოებით 260-280 დოლარი ღირს, ფოთიდან ვარნამდე ერთი ტონის გადატანა – 130-150 დოლარი.

LB loan image desktop LB loan image mobile