Reuters: ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე ხვალ თურქეთში ჩავა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა.

Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა.

თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს „დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.“

18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.

„ერდოღანს ესმის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მნიშვნელობა, მან პირადად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მიმართ,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ მედიას განუცხადა.

შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელშიც.

„პრეზიდენტ ერდოღანს შევხვდი. მადლობელი ვარ თურქეთის უკრაინისადმი საიმედო მხარდაჭერისთვის. ჩვენი ორივე ქვეყანა, მთელი რეგიონი და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება მოითხოვს შავ ზღვაში ნაოსნობის უპირობო უსაფრთხოებას. ჩვენ შეგვიძლია ამას ერთად მუშაობით მივაღწიოთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ თურქულ თავდაცვის კომპანიებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებით. ჩვენ ასევე ვითხოვთ თურქეთის დახმარებას ჩვენი სამხედრო ტყვეების და მთელი ჩვენი ხალხის, მათ შორის ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან”