თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პატიმრობაში მყოფი სტამბულის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი, მეჰმედ ფეჰლივანი. ინფორმაციას Reuters იმამოღლუს პარტიის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზმერმა განაცხადა, რომ ექრემ იმამოღლუს ადვოკატი „შეთხზული მიზეზების გამო“ დააკავეს, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ადვოკატის დაკავებას X-ზე გამოეხმაურა ექრემ იმამოღლუ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
„თითქოს არ იყო საკმარისი გადატრიალება დემოკრატიის წინააღმდეგ, ისინი ვერ იტანენ ამ გადატრიალების მსხვერპლებს, რომლებიც თავს იცავენ“, – წერს იმამოღლუ.
თურქეთში ანტისამთავრობო აქციები სტამბოლის მერის დაკავების დღიდან, 19 მარტიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. აქციებზე დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ, მათ შორის მოითხოვდნენ ერდოღანის გადადგომას. პოლიციამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
უახლესი მონაცემებით, აქციებზე დააკავეს 1900-მდე ადამიანი. მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.
დაშავდა 150 პოლიციელი.
26 მარტს სტამბულის მერიის საკრებულოში არჩევნები ჩატარდა – 177 ხმით პატიმრობაში მყოფ ექრემ იმამოღლუს შემცვლელად სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) კანდიდატი, ნური ასლანი აირჩიეს.