რიკოთი მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან გაიხსნება | იმოქმედებს სპეციალური რეჟიმი

პუბლიკა

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან, 13 აპრილიდან გაიხსნება, – ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეტარტამენტი ავრცელებს.

„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის;

ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები;

მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს;

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით”, – წერია განცხადებაში.