რიკოთზე დასაქმებული მუშის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

რიკოთზე, უბისას მონაკვეთთან მდინარეში 50 წელს გადაცილებული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მუშა მდინარეში უბისის მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო. მათივე ცნობით, გარდაცვლილი კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესის დროს, უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა.

მამაკაცს სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში ეძებდა. ცხედარი დღეს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.