„რიონის ხეობის მცველები” და მათი მხარდამჭერები ქუთაისში მსვლელობას მართავენ

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველები” და მათი მხარდამჭერები ქუთაისის ცენტრალურ გამზირზე მსვლელობას მართავენ. „გამოდი, გამოდი”, – აქციაზე ისმის მათი მოწოდებები მოქალაქეებისადმი.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

რიონის ხეობის მცველებმა მთავრობის დღევანდელი განცხადების შემდეგ, თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღიც დააანონსეს და თქვეს, რომ აქცია 23 მაისს გაიმართება.

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება გავრცელდა აქტივისტების პირობებზე. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.

აქტივისტების თქმით, აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ მთავრობის განცხადება, სადაც ვნახეთ კიდევ ერთი დამოკიდებულება ხელისუფლების, როდესაც ის ცდილობს, რომ პროტესტის ორგანიზატორების მოთხოვნები უგულებელყოს და გადავიდეს იგნორის პოზიციაში. რა თქმა უნდა, ის განცხადება რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ მთავრობისგან, პირდაპირ არის დაუკმაყოფილებლობა ჩვენი მოთხოვნების. ანუ ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს”, – განაცხადა მირზა ნოზაძემ, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ადგილობრივმა აქტივისტმა.