დღეს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან – მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილთან შეხვედრა გაიმართა. „ტვ პირველის“ ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩიც.
შეხვედრის შესახებ „ტვ„ პირველს“ მამუკა ხაზარაძე ესაუბრა.
მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ლელოს“ გეგმებს და პარტიის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ „ლელოს“ პოზიცია არის მყარი და არ შეიცვლება თუ „რადიკალურად ახალი ხელშეკრულება ან შეთანხმება არ მოხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“.
„ასევე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას და იმ მიმართვებს, რომელიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედია სივრცეში და ინტერნეტში, ეს აზიანებს არამარტო პროცესს, ასევე აზიანებს ჩვენს სტარატეგიულ ურთიერთობებს ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებთან, ეს პოზიცია ძალიან მყარად დავაფიქსირეთ…
აქვე ვუთახარით რომ თუ რადიკალურად არ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის „ლელო“ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და კომპრომისი არ იქნება. ვუთხარით კიდევ ერთხელ, რომ არჩვენები გაყალბდა და ყველა მცდელობა რომ „შემოგვასაღონ“, რომ ყველაფერი კანონიერი იყო და რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიჭირავს სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხაზარაძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს საკანონმდებლო მუშაობა განახლდა. რამდენიმე კომიტეტმა დებულების შემუშავებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისთვის სხდომა გამართა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ხელისუფლებაც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა არსებობს, თუმცა როდის გაიმართება მე-5 რაუნდი, ჯერ ცნობილი არაა.