რიში სუნაკი ადასტურებს, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლებს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, კანცლერი რიში სუნაკი პრემიერობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო. სუნაკის განცხადებით, ის დაძლევს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, შეძლებს ერთიანობის მიღწევას კონსერვატიულ პარტიაში და ბრიტანეთის წინსვლას.

როგორც BBC წერს, ამ დროისთვის, რიში სუნაკს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის ლიზ ტრასის კაბინეტიდან. სუნაკს თემთა პალატის 136 წევრი უჭერს მხარს. ყოფილი კანცლერი პრემიერობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგაც. ის პარტიაში კენჭისყრების რამდენიმე ეტაპზე ლიდერობდა კანდიდატებს შორის, მაგრამ საბოლოოდ ლიზ ტრასთან დამარცხდა.

ამ ეტაპზე, რიში სუნაკის ოფიციალური კონკურენტი მხოლოდ პენი მორდონტია, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორების ლიდერი. თუმცა მას მხარს ჯერჯერობით გაცხადებულად მხოლოდ 23 წევრი უჭერს.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუყენებია თავისი კანდიდატურა ყოფილ პრემიერს, ბორის ჯონსონს. მაგრამ მასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ჯონსონი, რომელიც ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ შვებულებიდან დაბრუნდა, პრემიერობისთვის ბრძოლას გეგმავს. მას ამ დროისთვის გაცხადებულად 56 წევრი უჭერს მხარს.

პრემიერობის კანდიდატებს 100 ხმის მოსაპოვებლად დრო ორშაბათამდე ექნებათ.